ნინო დარასელი: „ყველამ ვიცოდით მკვლელის ვინაობა, მაგრამ არ დაიჭირეს…“

0
914

ნინო დარასელი სოციალურ ქსელში იხსენებს ამბავს, რომელიც მისი სკოლის პერიოდს უკავშირდება. ჟურნალისტი წერს, რომ მისი ბავშვობისას მეგობარი მოკლეს, ყველამ იცოდა, ვინ იყო მისი მკვლელი, მაგრამ ის არ დაუჭერიათ, თუმცა ტრაგედია ამით არ დასრულებულა.

ჟურნალისტის პოსტს გთავაზობთ:

„სკოლას რომ ვამთავრებდით და უკვე ახალი მომავლისთვის ვემზადებოდით, გამოცდების ჩაბარებისას, საოცარი ბიჭი, ჩვენი უახლოესი მეგობარი მოკლეს. ყველამ იცოდა მკვლელის ვინაობა, მაგრამ არ დაიჭირეს. მერე ერთ-ერთმა მკვლელმა თავი მოიკლა, მეორე კი მოკლეს. მერე უკვე მკვლელის მკვლელების ცხოვრებაც ტრაგიკულად განვითარდა,ერთს ფსიქიკა შეერყა, მეორე… მესამე… მოკლედ, იმის გამო, რომ დროზე არ დაისაჯა, ვინც დასასჯელი იყო, უამრავი ოჯახი გაუბედურდა. გავიდა კიდევ რამდენიმე წელი და მეორე მეგობარი მომიკლეს. უამრავი თვითმხილველი იყო ფაქტის კავსაძეზე, მაგრამ არავინ ითანამშრომლა. მოკლულის დედა ბევრი წელი ამაოდ ეძებდა სამართალს. დამნაშავეები პრივილიგირებული ოჯახის წევრები იყვნენ და სამართალდამცველებიც ეცადნენ, საქმე დროზე დაეხურათ, ამიტომაც მკვლელები თავისუფლებაზე დარჩნენ. მალევე, მოკლულის მეგობრებმა შური იძიეს და სხვადასხვა დროს მოკლეს მკვლელები, მერე იმ მოკლულების ახლობლებმა მოკლეს იმათი მკვლელები და რამდენიმე შემთხვევითი აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანიც შეეწირა ამ ამბავს. დაუსჯელობას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. არა, რატომ ცხრა, ოჯახის წევრები მამები, დედები, ძმა… ვინ იყო ამ ყველაფერში დამნაშავე? მკვლელები? ადამიანები, ვინც დანაშაული დაფარა? კი ისინიც, მაგრამ, პირველ რიგში, სახელმწიფო, რომელმაც დროზე არ გამოიძია, არ დასაჯა, არ აღკვეთა!!!! მკვლელებიც გადარჩებოდნენ, გამოვიდოდნენ წლების მერე ციხიდან და იქნებ, ახალი ცხოვრებაც დაეწყოთ, რეაბილიტაცია მოეხდინათ, შეცვლილიყვნენ.

ეს იყო წინა საუკუნეში. უკუნეთში. ომების პერიოდში. ახლა ახალი საუკუნეა, ახალ ქვეყანას ვაშენებთ, საზოგადოებად ვყალიბდებით. იმისათვის, რომ უკან არ დავბრუნდეთ, არ გავმეორდეთ და არ გავუბედურდეთ, სწორედ ამისათვის არის აუცილებელი დაისაჯოს ის, ვინც დასასჯელია. ტრაგედიას კი ხან ერთი პარტია გამოიყენებს, ხან მეორე, ასე იყო და ახლაც ასეა. მაგრამ ამან არ უნდა შეგვიშალოს ხელი, ჩვენ მოვითხოვოთ ის, რაც მოსათხოვია. მახინჯი სისტემა, რომლის ნაწილებიც ჩვენც ვართ, უნდა დაინგრეს საბოლოოდ!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here