ხატია ბუნიათიშვილის გენერალურმა რეპეტიციამ ანშლაგით ჩაიარა (ფოტო+ვიდეო)

0
1522

ხატია ბუნიათიშვილი თბილისშია. ის საქართველოში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა, რაღა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში „შემოდგომის თბილისი“.

15 სექტემბერს, ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ ცენტრში მისი და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართება. ამ კონცერტის ბილეთები საიტზე დადებიდან ორ საათში გაიყიდა. შესაბამისად, უამრავი ადამიანი იმედგაცრუებული დარჩა, რომ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი პიანისტის კონცერტს ვერ დაესწრებოდა.

მუსიკოსის კეთილი ნებით და ჯანსუღ კახიძის ცენტრის გადაწყვეტილებით, დღევანდელ გენერალურ რეპეტიციაზე მსურველები უფასოდ დაესწრნენ. რეპეტიცია ორკესტრთან ერთად 12 საათზე იყო დაანონსებული, თუმცა 11 საათიდან ჯანსუღ კახიძის ცენტრთან უამრავი მუსიკის მოყვარული შეიკრიბა, რომ ადგილები წინასწარ დაეკავებინათ.

ხატიას გამოსვლას დარბაზში ოვაციებით შეხვდნენ. როგორც დირიჟორმა ვახტანგ კახიძემ განაცხადა, იცოდნენ, რომ ხატია ბუნიათიშვილის კონცერტის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იქნებოდა, თუმცა ასეთ გამოხმაურებას არ ელოდნენ. სურდათ კონცერტის დამატება, მაგრამ სამწუხაროდ, მუსიკოსის გადატვირთული გრაფიკის გამო ვერ მოხერხდა, შესაბამისად, გადაწყვიტეს, ხალხისთვის გენერალურ რეპეტიციაზე დასწრების საშუალება მიეცათ.

ყველა ადგილი, რასაკვირველია, შეივსო და რამდენიმე ათეული ადამიანი გარეთ დარჩა…

დარბაზში სრული სიჩუმე იყო და ყველა უსმენდა, როგორ მუშაობდა ხატია ორკესტრთან და დირიჟორთან ერთად ხვალინდელი კონცერტისთვის. პიანისტი მცირეხნიან პაუზებში ახერხებდა დარბაზში მსხდომებ ნაცნობებს მისალმებოდა, უცნობებისთვის კი გაეღიმა…

გენერალურმა რეპეტიციამ არაჩვეულებრივ ატმოსფეროში ჩაიარა. მის ბოლოს ხატია ხანგრძლივი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს და კიდევ ერთხელ დაანახეს, რომ მას საქართველოში ყოველთვის დიდი სიხარულით ელიან!..

(ფოტოები/ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here