ცნობილი ამერიკელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი, დევიდ ლინჩი უკვე მესამე დღეა, საქართველოშია. ის თბილისში კიევიდან ჩამოფრინდა, სადაც თავისი ფონდის ეგიდით შეხვედრები გამართა. საქართველოში ის უკვე შეხვდა ქვეყნის მთავრობის რამდენიმე წარმომადგენელს, მათ შორის განათლებისა და კულტურის მინისტრებს და მათთან კინოსკოლის დაფუძნებაზე ისაუბრა. ლინჩი ასევე ეწვია ანსამბლ „ერისიონს“, მოისმინა ქართული სიმღერა და ნახა ცეკვა, რითაც აღფრთოვანებული დარჩა, ასევე ერთ-ერთ რესტორანში ქართული კერძებიც დააგემოვნა.
სანამ დღეს, „თბილისი მარიოტში“ დაგეგმილი პრესკონფერენცია დაიწყებოდა, უფრო სწორად, მისი ოფიციალური ნაწილი, მანამდე ქართველ და უცხოელ ჟურნალისტებს სიამოვნებით გაუზიარა შთაბეჭდილებები, რაც მის საქართველოში სტუმრობას ახლავს.
კითხვაზე, იცოდა თუ არა რამე ქართულ კინემატოგრაფზე, სანამ საქართველოში ჩამოვიდოდა, დევიდ ლინჩი აღნიშნავს:
„საქართველოში პირველად ვარ. მის კინემატოგრაფზე არანაირი ინფორმაცია არ მქონია, ისევე, როგორც სხვა ქვეყნების კინემატოგრაფზე. მაგრამ რაც აქ ჩამოვედი, შევიტყვე, რომ ფელინი ყველას ურჩევდა ქართული ფილმების ნახვას… ყველა ქვეყანას მოაქვს გარკვეული შეგრძნებები, როცა იქ ჩადიხარ. საქართველოში ჩამოსულმა ვიგრძენი, რომ აქ ჰაერში ტრიალებს ხელოვნებისადმი სიყვარული“.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, შეიძლება თუ არა, რომ საქართველოში სტუმრობა მომავალში მისთვის კონკრეტული ფილმის ინსპირაციად იქცეს, რაზეც რეჟისორმა უპასუხა, რომ წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ, თუმცა შთაგონებად შესაძლოა, ნებისმიერი მოგზაურობა იქცეს. ვრცლად