„ვილეროი და ბოხისა“ და რუსუდან ფეტვიაშვილის თანამშრომლობა

0
3793

ცნობილი ქართველი მხატვრის, რუსუდან ფეტვიაშვილის თანამშრომლობა ცნობილ ბრენდთან „ვილეროი და ბოხი“ შედგა. ეს თანამშრომლობა, ჯერჯერობით, მხოლოდ ქართულ ბაზარზეა გათვლილი, თუმცა კომპანიის მესვეურები არ გამორიცხავენ, რომ რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრები საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავიდეს. „ვილეროი და ბოხის“ ჭურჭელზე ქართველი მხატვრის ნახატები დაიტანეს. ის ლიმიტირებული გამოშვების ფარგლებში მოექცა. კოლექციის სახელწოდებაა „სიყვარული და ჰარმონია ურთიერთობაში“.

ქართველი მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი დაიბადა თბილისში, 1968 წელს. ხატვა ორი წლიდან დაიწყო, პირველი პერსონალური გამოფენა 6 წლისამ მოაწყო. 8 წლის ასაკში ორი პერსონალური გამოფენა ჰქონდა მოსკოვში. სამი წლის შემდეგ მოსკოვში ისევ მოეწყო მისი გამოფენა, შემდეგ კი – თბილისში. 13 წლის ასაკში მისი გამოფენები გაიმართა საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში, ბოლოს – პარიზში. მას შემდეგ მრავალჯერ გამოიფინა, როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ (ვენა, ბუდაპეშტი, მადრიდი, ლონდონი, საფრანგეთი, ა.შ.შ.).

მისი ილუსტრაციებით გამოცემულია წიგნები: შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“, „ქართული ზღაპრები“, ეკა ბაქრაძის ლექსების კრებული.

შესულია კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ გამოშვებულ წიგნში „XX საუკუნის მსოფლიოს 2000 გამოჩენილი ადამიანი“.

„ვილეროი და ბოხი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კომპანიაა თავის სფეროში. იგი აწარმოებს პრემიუმ ხარისხის კერამიკის ნაწარმს. გერმანული კომპანია „ვილეროი და ბოხი“ 1748 წელს დაარსდა და ამ დროიდან 120-ზე მეტ ქვეყანაში მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here