თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 3 დეკემბერს გაიხსნება

0
1017

თბილისის რიგით მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალი 3-9 დეკემბერს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში საკონკურსო სექციების გამარჯვებული ნამუშევრები საერთაშორისო კონკურსსა და “ქართულ პანორამაში“ გამოვლინდება.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში კინომოყვარულები ფილმებს რამდენიმე სექციაში იხილავენ.

ტრადიციულად, ყოველწლიურად კინოფესტივალის ფოკუსში ერთი ქვეყნის კინონამუშევრები ექცევა. წელს ეს ქვეყანა იტალიაა. მაყურებლები ფესტივალისა და იტალიის საელჩოს ინიციატივით ბოლო პერიოდის აღიარებულ ნამუშევრებს იხილავენ. მათ შორისაა ლორა ბისპურის „Daughter of Mine”, დარიო არჯენტოს „Suspiria”.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის წლევანდელი თემატიკა ლიტერატურაა. „ლიტერატურისა და კინოს“ სექციაში კინომოყვარულები მწერლებზე გადაღებული ბიოგრაფიული ნამუშევრებისა და ეკრანიზაციების ნახვას შეძლებენ. მათ შორის, სტეფან კაასის Etgar Keret: Based on a True Story.

სექციაში „რეჟისორი ფოკუსში“ თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი უკრაინელ რეჟისორს, სერგეი ლოზნიცას წარადგენს. რეჟისორი კინოფესტივალის ფარგლებში თბილისში ჩამოვა. მან კარიერა გამოყენებითი მათემატიკოსის სტატუსით დაიწყო და წლების განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის თემაზე მუშაობდა. თუმცა, 90-იანი წლებში კინემატოგრაფიის გერასიმოვის სახელობის ინსტიტუტში ნანა ჯორჯაძის ჯგუფში რეჟისურის შესწავლა დაიწყო. 2010 წელს მისი სურათი „My Joy” კანის კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. 2012 წელს კი, ასევე, კანში ფილმი „In The Fog” ოქროს პალმის რტოზე იყო ნომინირებული. 2014 წელს სურათი „Maidan” გადაიღო, რომელიც 2013-2014 წლის კიევის საპროტეტსო აქციებს აღწერდა. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში ლოზნიცას „Donbass”, “The Trial” და “Victory Day” იქნება ნაჩვენები.

წლევანდელი კინოფესტივალის ფარგლებში ბალტიისპირეთის ქვეყნების დამოუკიდებლობის 100 წლისთავი აღინიშნება. „ამირანში“ ლატვიური, ლიტვური, ესტონური ნამუშევრების ჩვენება შედგება. სექციის „Made in Germany“ ფარგლებში კი უახლესი გერმანული სურათებზე დასწრებას შეძლებთ.

შვედეთის საელჩოსა და შვედეთის კინოს ინსტიტუტთან თანამშრომლობით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ლეგენდარული შვედი კინორეჟისორის, ინგმარ ბერგმანის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენებ ფილმთა შორის იქნება „პერსონა“, „შემდგომის სონატა“, „მარწყვის მდელო“.

ფესტივალის საპატიო ჯილდოს, ოქროსა და ვერცხლის „პრომეთეს“ საერთაშორისო კონკურსში ჩართული ნამუშევრები მიიღებენ. კინოფესტივალის საერთაშორისო ჟიური საუკეთესო ფილმსა (ოქროს „პრომეთეს“ ჯილდო) და რეჟისორს (ვერცხლის „პრომეთეს“ ჯილდო) გამოავლენს.

ქართული პანორამის მონაწილე საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული, მოკლემეტრაჟიანი და დოკუმენტური ფილმები ზემოთჩამოთვილის 3 კატეგორიაში გამოვლინდებიან.

საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობას ახალბედა რეჟისორების პირველი ნამუშევრები იღებს. წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიური იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და საქართველოში წარმოებულ სურათთა შორის გამოავლენს. საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებას შეეცდება ქართველი რეჟისორი გიგიშა აბაშიძე ფილმით „მეზობლები“.

სრულმეტრაჟიანი ქართული ფილმების კატეგორიაში 4 მხატვრულ სურათს კინოკრიტიკოსები შეაფასებენ – გიგიშა აბაშიძის „მეზობლები“, თინათინ ყაჯრიშვილის „ჰორიზონტი“, ნინო ჟვანიას „აღლუმი“ და დიტო ცინცაძის „ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა“.

ფესტივალის „ინდუსტრიული დღეების“ ფარგლებში ვორქშოფები და მასტერკლასები გაიმართება.

2 დღის განმავლობაში  რეჟისორთათვის განკუთვნილ ლექციების კურსი, Pitching Long Fictions და Pitching Short Fictions-ს გაიმართება. სალექციო კურსის ბოლოს მონაწილეები ჟიურის წინაშე წარდგებიან. პრიზს გამარჯვებულისთვის თბილისის კინოს ფონდი აწესებს. ინდუსტრიული დღეების ფარგლებში ცნობილი ბრიტანული ანიმაციური სტუდიის, Aardman Animations-ის ნამუშევრების რეტროსპექტივა შედგება.

რიგით მე-19 თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიო „პრომეთე“ სახელგანთქმულ ქართველ რეჟისორს, გიორგი შენგელაიას გადაეცემა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here