საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi იწყება

0
1042

3-8 მაისს თბილისი უკვე მეექვსედ უმასპინძლებს საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალს CinéDOC-Tbilisi, ფესტივალის დაწყებამდე კი 2 მაისს, 12:00 საათზე, ეროვნულ კინოცენტრში  პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – ზურაბ მაღალაშვილი, CinéDOC-Tbilisi-ის დირექტორი – არჩილ ხეთაგური, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი – ია ცაგარეიშვილი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორი – ბარბარა ფონ მიუნხჰაუზენი და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენელი ოდრი მარგუერიტა დაესწრებიან.

CinéDOC-Tbilisi პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალია სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანიც დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

წლევანდელი გამოშვების სლოგანია: „ჩაუღრმავდი რეალობას“.  მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, ნახოს 60-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან, შეხვდეს ფილმის შემქმნელებს და მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებში.

ფესტივალს გახსნის ქართველი რეჟისორის, ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილის ფილმი „გამჭვირვალე სამყარო“. გახსნის ცერემონიალზე გაიმართება ფილმის მთავარი გმირის, ბექა გუჯაბიძის ფოტოგამოფენაც.

წლევანდელ სექციაში – სტუმარი ქვეყანა წარმოდგენილი იქნება რუმინული დოკუმენტური კულტურა და კინოინდუსტრია.

საერთაშორისო სტუმრებს შორის არიან: ვილანდ შპეკი (Berlinale), ლენა პასანენი (DOK Leipzig-ის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი), რეჰად დესაი (Emmy-ს მფლობელი და რეჟისორი ფილმისა „დახვრეტილი მაღაროელები“), ბოგლარკა ნაგი (საუკეთესო პროგრამერის ნომინაციაში გამარჯვებული, 2017 წლის Europa Cinemas Awards-ის მფლობელი) და მრავალი სხვა…

რაც შეეხება ქართულ პანორამას, იგი ძირითადად ახალგაზრდა კინორეჟისორების უახლეს დოკუმენტურ ფილმებს აერთიანებს. გარდა ამისა,  წელს პირველად CinéDOC-Tbilisi  თანამშრომლობს რეზო გაბრიაძის თეატრთან, სადაც მაყურებელი იხილავს ლეო გაბრიაძის ანიმაციურ დოკუმენტურ ფილმს „ჰარი ჰარალე დედაო, გადავჯექ კურდღელზედაო“.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება: ვორკშოპები, მასტერკლასები და ინდუსტრიული შეხვედრები ახალგაზრდა რეჟისორებისა და პროდიუსერებისათვის.

დეტალური ინფორმაცია ფესტივალის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ CinéDOC-Tbilisi-ს ოფიციალურ გვერდზე: www.cinedoc-tbilisi.com

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here