როგორ მოხვდა ბელა ჰადიდის გარდერობში ქართველი დიზაინერების სამოსი?

0
2325

საქართველო კიდევ ერთხელ მოხვდა მოდის სამყაროს ყურადღების ცენტრში, ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელის, ბელა ჰადიდის დახმარებით. პარასკევს, პარიზში ყოფნისას მოდელი “ჟივენშის“ ჩვენებაზე ქართული ლეიბლის “Situationist-ის” სამოსით გამოჩნდა, მოგვიანებით კი ამავე ბრენდის სამოსით შეხვდა კენდალ ჯენელს და დიზაინერ რიკარდო ტიშის.

ლეიბლი Situationist დიზაინერებმა – ირაკლი რუსაძემ და დავით გიორგაძემ 2015 წელს შექმნეს. მათ შესახებ სტატია „ვოგმაც“ მოამზადა. რომელმაც მათ მიერ შექმნილი ტანსაცმელი, დემნა გვასალიას ხელოვნებას შეადარა.

“მიუზიკ ბოქსი“ დიზაინერ ირაკლი რუსაძეს დაუკავშირდა.

– ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა ბელა ჰადიდი რომ ატარებს ჩვენს სამოსს. ასეთ საკითხებზე, ლეიბლების მენეჯერები ბევრს მუშაობენ, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა. როცა „ვოგის“ საიტზე დაიდო ჩვენი ლუქები, ბელა ჰადიდის წარმომადგენელი დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მოდელი ოთხი ლუქით დაინტერესდა.

– შეიძინა ბელა ჰადიდმა ეს ლუქები თუ საჩუქრად გაუგზავნეთ?

– ჩვენ თბილისიდან ნიუ-იორკში გავუგზავნეთ მას მის მიერ შერჩეული ლუქები, რომელიც პარიზში „ჟივენშის“ კოლექციის ჩვენებაზე და შემდეგ გალა ვახშამზე ეცვა. სხვა დეტალები კონფიდენციალურია.

– საზოგადოებას განსაკუთრებით მოეწონა ტყავის პლაში და თეთრი ბოტ-ფორდები, რა ღირდა ეს სამოსი?

– პლაში 750 ევრო, ბოტფორდები 380 ევრო ღირდა. ბელა ჰადიდიმ თავისუფლად იგრძნო ჩვენს სამოსში თავი და ამიტომაც ჩაიცვა ალბათ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. ეს ჩვენთვის დიდი წარმატება არის, უამრავი საინტერესო შემოთავაზება მიიღო ლეიბლმა, რომელსაც მალე გავასაჯაროვებთ.

– „ვოგში“ თქვენი ლეიბლის შესახებ სტატია დაიწერა, სადაც ჟურნალისტი წერს, რომ თქვენს მიერ შექმნილი სამოსი, დემნა გვასალიას ესთეტიკას ატარებს, ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

– დემნა გვასალია საამაყო ქართველია და ჩვენთვის პატივია თუ მისი ესთეტიკა დაინახა ვოგის ჟურნალისტმა ჩვენს მიერ შექმნილ სამოსში. ყველა ლუქში ეს არ იგრძნობა, მაგრამ ჩვენც კომფორტულ სამოსს ვქმნით და ალბათ ამიტომაც არის მსგავსება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here