ქართველი წარმატებული მევიოლინე იხსენებს, როგორ აწამებდნენ ბავშვობაში უბნის ბიჭები „არამასკულინური პროფესიის“ არჩევის გამო

0
1000

კოკა ნიკოლაძე მუსიკოსია, რომელსაც თბილისის კონსერვატორია აქვს დამთავრებული და ამჟამად ნორვეგიის მუსიკალურ აკადემიაში მუშაობს. მევიოლინეობის არჩევას 90-იანი წლების თბილისში მისთვის უკვალოდ არ  ჩაუვლია. და დღეს, როცა ბონში რამდენიმე მინისტრთან და ბეთჰოვენის საზოგადოების პრეზიდენტთან ერთად იჯდა და არჩევდა, რომელი ნაწარმოები შეესრულებინა, ახსენდებოდა, რა წამება გამოიარა საქართველოში იმისთვის, რომ ეს პროფესია შეეძინა და შეენარჩუნებინა.

გთავაზობთ კოკა ნიკოლაძის პოსტს:

„მოკლედ, ბავშვობაში ვისაც არ ეზარებოდა ყველა მერჩოდა, სრულიად უმიზეზოდ, უფრო სწორედ იმ მიზეზით, რომ არამასკულინურ პროფესიას ვემსახურებოდი – მევიოლინე ოთხმოცდაათიანებში, ალბათ წარმოგიდგენიათ. რამდენჯერმე გადავურჩი სიკვდილს და რამდენად ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს – უბნელები ბეთჰოვენს (ხ) მეძახდნენ.

ჩაგვრა მოიცავდა წამების ფართო სპექტრს. ჩემს ხელზე ჩაუქრიათ სიგარეტი, ერთხელ გამაკავეს და ჩემს თვალწინ რამდენიმე კბილი მოაძრეს ჩემს ძმაკაცს. დედის მოკვლით და დაზიანებითაც დამმუქრებიან.

არაერთხელ გავფრენილვარ სიზმრეში, სადაც სხვადასხვაგვარი შურისძიებით ვუსწორდებოდი ”აბიჟნიკებს”, მაგრამ სიზმარში გამოტანილი განაჩენები ვერასოდეს აღვასრულე. დამიჭერდნენ.

ამ ყველაფერმა ჩაიარა, ზოგი დაიჭირეს, ზოგი მოკლეს, ზოგი გაქრა და რაც საქართველოდან წამოვედი ყველა ძველმა წყენამ გამიარა, როგორც გაირკვა ერთის, პროფესიული წყენის გარდა.

კონსერვატორიაში სწავლისას მყავდა ერთი „უმფროსი“. სახელს, გვარს და სტატუსს არ დავასახელებ, თუ წაიკითხავს მიხვდება. მუდმივად მიმეორებდა – „ეს ბეთჰოვენის პიანო არაა!“. როცა ბეთჰოვენს ვუკრავდი, სიყვარულით, გატაცებით, შთაგონებული, ყოველთვის, ყოველთვის მეუბნებოდა -это не бетховенское пьяно. ამას ისეთი ქილიკით ამბობდა, რომ ყველაფრის სურვილს ვკარგავდი. როცა ვეკითხებოდი, როგორ დამეკრა სწორედ, მიმეორებდა, რომ ეს უნდა მეგრძნო, ამას ვერ მეტყოდა. ბოლო კურსზე საგამოცდოდ ვამზადებდი ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტს. მაშინ გარკვევით მითხრა, რომ ეს (ინტელექტუალური) მუსიკა ჩემი არ იყო და ჯობდა, რამე სხვა დამეკრა. მაშინ თვითშეფასებამ მინუსებს მიუკაკუნა და გულწრფელად ვიწამე მისი ნათქვამი. მერე დამავიწყდა.

ეს ამბავი წამოტივტივდა ორი დღის წინ.

სურრეალიზმი:

მესიკვდილება, ვიცი, რომ ზოგმა შეიძლება თავმდაბლობის კოდექსის უხეშ დარღვევაში დამადანაშაულოს, მაგრამ სხვა რამ მაქვს სათქმელი, ბოლოს წერია.

ბონში, საღამოს გვიან, ბეთჰოვენის სახლში, ვისხედით თქვენი მონა-მორჩილი, ბეთჰოვენის საზოგადოების პრეზიდენტი, გერმანიის ერთ-ერთი მინისტრი და ოთხი ფესტივალის კურატორი. მანამდე მოვიარეთ ბონის ხუთი საკონცერტო დარბაზი, რათა კონცერტისთვის შემერჩია ადგილი, მათ შორის ბონის ოპერა. ხელში მეჭირა ბეთჰოვენის ხელნაწერი პარტიტურა და ვფიქრობდი, შემოთავაზებული სიმფონიური ორკესტრებიდან რომელზე შევჩერებულიყავი.

2020 წელს საავტორო კონცერტით მივულოცავ ბეთჰოვენს დაბადების დღეს, ბონში.

მორალი: ჯექსონის კლიპი გახსოვთ? Black or White. ინტროში მაკოლაი კალკინი რო ეტყვის მამამისს – EAT THIS! გიტარას რო ჩამოკრავს და აფრიკაში რო გააფრენს ტახტით, აი ეგრე ვიგრძენი თავი, ეგრე გავაფრინე ჩემი ”უმფროსი” ჯანდაბაში. მერე ერთ რამეს ჩავუფიქრდი. დედაჩემი მართალი იყო – ბანძი რამეები არ უნდა დაიმახსოვრო. ყველაფერი უნდა დაივიწყო, რაც შეიძლება მალე და აკეთო საქმე. დარწმუნებული ვარ, ინგლისური რომ იცოდეს დაამატებდა – you do you.

საბოლოო მორალი – you do you“.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here