ნუცა შანშიაშვილი: ”ჩემს ქმარს ამოლესილი ლობიო, მჭადი და ბოზბაში უნდოდა…“

0
315

მომღერლის პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები

მომღერალმა, მსახიობმა, ”ვოისი საქართველოს“ ჟიურის წევრმა, ნუცა შანშიაშვილმა  ”ფორტუნა პლუსის“ გადაცემაში ”სტუმრად გიგასთან“ წამყვანის შეკითხვებს უპასუხა.

წამყვანის შეკითხვაზე, რატომ დასჭირდათ დათო ოქიტაშვილს და აჩი მეფარიძეს ჩარევა იმაში, რომ ნუცა ”ვოისი საქართველოს“ მწვრთნელობას დათანხმებოდა, ნუცამ შემდეგნაირად უპასუხა: ”უბრალოდ, ასე აეწყო. მე და გვანცა კილასონია დიდი ხნის მეგობრები ვართ. ტექნიკურად მკითხა, ხომ არ აპირებ თბილისში ჩამოსვლასო, პირდაპირ არ მაჯახა, რა იდეა ჰქონდა, მერე მითხრა, ხომ არ გაინტერესებს ”ვოისის“ მწვრთნელობაო. ვუპასუხე, როგორ არა-მეთქი. პირველ რიგში, საქართველო, მერე ფანტასტიკური პროექტი, გვანცა კილასონია და მასთან როცა არ მქონია გადაკვეთის წერტილი, ყველაფერი პროფესიონალურად ყოფილა. ამას მოჰყვა დათო ოქიტაშვილის ზარი, რომელიც ჩემი ასი წლის ახლობელია, ”იმედის“ ხელმძღვანელობასთან, მან მოილაპარაკა ჰონორარზე და ბოლო ”გაშეშების“ სტადიაში, როცა ვფიქრობდი, განრიგი როგორ შემეცვალა და ოკეანის იქით გავფრენილიყავი, აჩი მეფარიძემ დამირეკა, არც იფიქრო ზედმეტი, შენი ადგილია და ძალიან მაგარი იქნებაო. ასე გადაწყდა საბოლოოდ“.

მომღერალმა პირადი ცხოვრების შესახებაც ისაუბრა. წამყვანის შეკითხვაზე, რომ ის 23 წლის ასაკში გათხოვდა პირველად, ”პენტ ჰაუსის“ რედაქტორ გია ცინცაძეზე და მას 4 წლის შემდეგ გაშორდა, რადგან ღალატობდა, ნუცამ უპასუხა:

”ეგრე ვთქვი? სხვათა შორის, არ იცით, ომსკში რა ვთქვი? ტრანსვესტიტები ვართ ყველა, ვინც ბორია მაისეევთან ერთად გამოვდივართ კონცერტზე-მეთქი. ეს აიტაცეს და ჩემს ქმარს ნიუ-იორკში ჩაუტანეს ამბავი, რომ მე გადაკეთებული ვიქტორა ვარ (იცინის). ამას იმიტომ ვამბობ, რომ იმ ინტერვიუშიც ეტყობა, რაღაც ვთქვი და გამოვიდა სხვანაირად. ქმარი არ მღალატობდა, მაგრამ შემომხედეთ თვალებში, არსებობს კაცი, რომელიც ცოლს არ ღალატობს? ეს არ იყო პრობლემა ჩვენ შორის, ღალატი ყველაზე ბოლო ადგილას იდგა. ვერ ავეწყვეთ მიზნებში. მინდოდა კარიერის აწყობა, მას უნდოდა ამოლესილი ლობიო, მჭადი და ბოზბაში (იცინის). ბოლოს ყველა თავის გზას დაადგა, მე ამ გზით მსოფლიო მოვიარე და ბოლოს შევხვდი ჩემს მეუღლეს, ჩემი შვილის მამას, თემურ ტაგიევს, რომელიც ჩემი პროდიუსერი გახდა შემდგომ…

ფეხმძიმობას 9 თვემდე ვმალავდი. ვიცოდი, რომ საშინელება მოხდებოდა. შესანიშნავ ფორმაში ვიყავი. ვმალავდი იმიტომ, რომ დედაჩემს რომ გაეგო, ისეთი ამბავი მოხდებოდა, შვიდ თვეზე ვიმშობიარებდი. გამოფრინდებოდა ნახევარი თბილისი ჩემთან, მუცლის დასაჭერად“.

კითხვაზე, მართლა გათხოვდა თუ არა 77 წლის ასაკში მისი დედა, მზია მაღლაკელიძე, ნუცა ღიმილით გამოეხმაურა: ”ეს აღმოჩნდა ჭორი, მაგრამ მე ძალიან გახარებული ვიყავი, ვიფიქრე, დედაჩემმა, მე რომ ორსულობა დავმალე, ისე ხომ არ დამალა გათხოვება-მეთქი (იღიმის). წლები ჩემთვის არ არსებობს, ადამიანს თუ უნდა ბედნიერების მოძიება, ასი წლისაც რომ იყოს, თუ ჯანზეა, იყოს ბედნიერი…“