ნიკოლოზ რაჭველის ნაწარმოების თბილისური პრემიერა და 22.000 ლარი, რომელიც ბავშვთა ჰოსპისისთვის შეგროვდა

0
805

ვერ ვიტყვით, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 27 დეკემბერს საახალწლო განწყობა სუფევდა. ბავშვთა ჰოსპისის, „ციცინათელების ქვეყანა“ დასახმარებლად გაერთიანებული ხელოვანების მიზანი უბრალოდ კონცერტის გამართვა არ ყოფილა – ამ ღონისძიებას მნიშვნელოვანი მიზანი ჰქონდა, ყურადღება გაემახვილებინა იმაზე, რომ სანამ ადამიანები დღესასწაულებს უდარდელად აღნიშნავენ, მათ გვერდზე არსებობს ხალხი, ვისთვისაც ეს დღესასწაულებიც და მანამდე დღეებიც ძალიან სევდიანია და ამ სევდის მიზეზია ის, რომ მათთვის ყველაზე ახლობელ ადამიანებს ამქვეყნად ყოფნის ცოტა დრო დარჩენიათ… ჰოსპისის მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ბავშვებსა და მათ მშობლებს მძიმე დღეები შეუმსუბუქონ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. კონცერტის დაწყებისას ნანახი ვიდეო, თუ როგორ ეპყრობიან „ციცინათელების ქვეყანაში“ პატარებს ჯანმრთელობის სხვადასხვა მძიმე პრობლემით, კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ასეთი ადგილი არა მხოლოდ ერთი უნდა იყოს… ამ მიზნისთვის, რამდენიმე კომპანიამ 22 000 ლარი გადარიცხა „ციცინათელების ქვეყნის“ ანგარიშზე. ეს ინფორმაცია მსოფლიოში აღიარებული მეცოსოპრანოსგან, ანიტა რაჭველიშვილისგან მივიღეთ, რომელმაც ჰოსპისის მნიშვნელობაზე ისაუბრა. აქვე მან აღნიშნა, რომ ღონისძიების მეორე განყოფილებაში მეგობრის, ნიკოლოზ რაჭველის ახალ ნაწარმოებს შეასრულებდა და რეპეტიციების დროს გაუმყარდა აზრი იმის შესახებ, რომ რაჭველი არა მხოლოდ მისი ახლო მეგობარი, არამედ მისი ერთ-ერთი საყვარელი კომპოზიტორიცაა…

ნიკოლოზ რაჭველის ახალი ნაწარმოები The Rest is Silence მიეძღვნა მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებში ფაშისტური რეჟიმის მსხვერპლთ, თუმცა ძალადობა და ადამიანების ჩაგვრა დღესაც ძალიან აქტუალური პრობლემებია, უსამართლობასა და სიქტატურების სისასტიკეს დღესაც უამრავი ადამიანი ეწირება. კომპოზიტორის თქმით, პირველ განყოფილებაში ჯოვანი ბატისტა პერგოლეზის მიერ  280 წლის წინ შექმნილი STABAT MATER შეარჩიეს, რადგან საერთო განწყობის შენარჩუნება სურდათ, ახალი ნაწარმოების პრემიერამდე.

მეცოსოპრანო ანიტა რაჭველიშვილთან ერთად კონცერტში მონაწილეობდნენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ბავშვთა გუნდი, (ქორმაისტერი – ნინო წიკლაური), საფესტივალო გუნდი (ქორმაისტერი – გიორგი მარგველაშვილი), დირიჟორი – კახი სოლომნიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ რაჭველის ახალ ნაწარმოებს წილად უდიდესი აპლოდისმენტები ხვდა, რომელიც რამდენიმე წუთის განმავლობაში არ გაჩერებულა. განსაკუთრებული გახლდათ ანიტა რაჭველიშვილის მონაწილეობა, ვინაიდან მომღერლის ტემბრი და შესრულების ტექნიკა სრულად ესადაგებოდა ნაწარმოების შინაარსსა და პათოსს.

 

შეგახსენებთ, რომ პროექტის გენერალური პარტნიორი: ხელოვანთა კავშირი „კონცეპტარტი“ იყო, პროექტის მხარდამჭერები – „საქართველოს ბანკი“, „ალტაოქეი“, საერთაშორისო კორპორაცია „აი სი არ“ და კომპანია „დიო“.

კონცერტის მხარდამჭერები გახლდნენ: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და კომპანია „ბადაგონი“.საინფორმაციო მხარდამჭერები: ტელეკომპანია „იმედი“, რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“, EVENTS ამბები.ge, საინფორმაციო პორტალი 118 08.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here