მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნა „ბლექ სი არენაზე“ – სანახობა, რომელმაც გულგრილი არავინ დატოვა

0
1254

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნა საქართველოში შეკვეთილში მდებარე „ბლექ სი არენაზე“ 23 სექტემბერს გაიმართა. მას 180-ზე მეტი ქვეყნიდან 4000 დელეგატი ესწრებოდა, ქართველ მაყურებელთან ერთად. საზეიმო გახსნა „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ და მისი მაღალ დონეზე ჩატარება ორგანიზატორების უპირველესი მიზანი იყო. გახსნისთვის მზადება დიდი ხნით ადრე დაიწყო. ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ თეა ყიფშიძე და ბაჩი ზურებიანი, რეჟისორი: ზაალ ჩიქობავა, მხატვარი: თამარ ფოცხიშვილი, მუსიკალური ხელმძღვანელი: ნიკოლოზ რაჭველი.

საზეიმო გახსნამ არაჩვეულებრივი დეკორაციებისა და მუსიკალური ნომრების ფონზე ჩაიარა საჭადრაკო დაფაზე, რომელიც განსაკუთრებულად ლამაზად ჩანდა ტელევერსიაში.

კონცერტის წამყვანები გახლდნენ ელენე კალანდაძე და თორნიკე გოგრიჭიანი. მონაწილეობდნენ: საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, კორძი და გიორგი ცაგარელი, ლიზა ბაგრატიონი და ნატო მეტონიძე, ანსამბლი „ლაშარი“, ნინო ქათამაძე და „ინსაითი“, ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასი და ანსამბლი „სუხიშვილები“, ილიკო სუხიშვილი კი მთლიანი ღონისძიების დამდგმელი ქორეოგრაფი გახლდათ.

ღონისძიება ულამაზესი საბალეტო ჩანახატით დაიდგა, რომელსაც მოჰყვა ჭადრაკის შექმნის ისტორია ჯერ ეკრანზე, შემდეგ კი მსახიობების მიერ გაცოცხლებული, სცენაზე ამბის თხრობა მოცეკვავეებმა გააგრძელეს… ლიზა ბაგრატიონისა და გიორგი უშიკიშვილის მიერ შესრულებული „მზე შინა და მზე გარეთა“, კორძისა და გიორგი ცაგარელის ერთობლივი ბრწყინვალე შესრულება ორკესტრთან ერთად, ნატო მეტონიძისა და ნინო ქათამაძის ეიფორიის მომგვრელი გამოსვლები… საინტერესო იყო შავი და თეთრი როიალის და მათთან მოთავსებული ახალგაზრდა პიანისტების ერთგვარი შეჯიბრება, რომლის დროსაც დიდ ეკრანზე ქართული ჭადრაკის ისტორიას ფოტოებით გვახსენებდნენ და იმ გამორჩეულ გმირებს, რომელიც ქართულ და მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ…

კონცერტის პირველ ნაწილში ვიხილეთ ოფიციალური პირების, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გამოსვლები. ყველა გამომსვლელმა ხაზი გაუსვა იმ დიდ მნიშვნელობას, რომელიც საქართველოსთვის აქვს მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის მასპინძლობას…

ღონისძიების დასასრული ყველაზე საინტერესო გამოდგა. ნიკა კოჩაროვისა და Young Georgian Lolitaz-ის მიერ შესრულებულ My Way-ზე ჯერ ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასმა იცეკვა, შემდეგ კი ილიკო სუხიშვილის მიერ სპეციალურად საზეიმო გახსნისთვის შექმნილი ქორეოგრაფიული ნომერი „სუხიშვილებმა“ წარადგინეს.

საღამო დროშების ფრიალით და გრანდიოზული ფეირვერკით დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ამ კონცერტით დაიხურა „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. სეზონის განმავლობაში არენას ათასობით ადამიანი ესტუმრა სხვადასხვა მუსიკალურ ღონისძიებაზე.

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here