“მივხვდი რომ ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო“ – ქეთი სახვაძე

0
2985

ქეთი სახვაძე პროექტის „შენ შეგიძლია ცეკვა“ ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა. მან საკუთარი ცეკვით, ჟიურის ყველა წევრი მოხიბლა და პროექტის ნახევარფინალში მოხვდა. ქეთი ბავშვობიდან ცეკვავს, მაგრამ ოჯახური ტრადიციებიდან გამომდინარე, სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა. მალე მიხვდა, რომ ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შეეძლო და ახლა სტუდია „თელას“ წამყვანი მოცეკვავეა. ქეთი საკუთარი კარიერის შესახებ „მიუზიკ ბოქსს“ ესაუბრა.

– 6 წლიდან ვცეკვავ, ვახტანგ ჭაბუკიანის სასაწავლებელი მაქვს დამთავრებული. ნინო ანანიაშვილის დასშიც მქონდა მიწვევა, მაგრამ იმ წელს სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე და უარი ვთქვი ბალეტზე. ძალიან გამიჭირდა ცეკვის გარეშე და ისევ ცეკვას დავუბრუნდი. თავიდან ლათინო-ამერიკულ ცეკვებს ვცეკვავდი, ტანგოს საზოგადოებაში ვიყავი გაწევრიანებული, ტანგოს ფესტივალზეც გავიმარჯვე და ამის შემდეგ გადავედი სტუდია „თელაში“. სხვადასხვა პროექტებში ვმუშაობდი, „ორ ვარსკვლავში“, „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ დამხმარე მოცეკვავე ვიყავი და ასევე, კიევში და ბაქოში ვიცეკვე „ვერის უბნის მელოდიებში“.

– ოჯახი როგორ შეხვდა ამ გადაწყვეტილებას?

– იციან რომ ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია და სხვა გზა არ აქვთ. ყველაზე მძიმე ჩემთვის ის პერიოდი იყო, როცა 3 თვე საერთოდ ვერ ვცეკვავდი. მაშინ დაფინანსებით ვიყავი გერმანიაში, ერთ-ერთ კლინიკაში გავიარე პრაქტიკები და სწორედ იქ მივხვდი, რომ ცეკვის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება.

– რატომ მიიღე მონაწილეობა პროექტში?

– ძალიან მიყვარს ეს პროექტი, უცხოურ ანალოგს მუდმივად ვადევნებდი თვალს, მომწონდა და ამიტომ გადავწყვიტე ქართულ ანალოგში მიმეღო მონაწილეობა. პარტნიორიც კარგი მყავს გიორგი ბარნაძე. მასაც დიდი გამოცდილება აქვს პროექტებში და ერთობლივად გადავწყვიტეთ პროექტში მონაწილეობა. ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილებაა.

– ობიექტურია ჟიური?

– ჟიური ობიექტურია, მაღალი დონის პროფესიონალები სხედან ჟიურიში. მათი რჩევები ძალიან დამეხმარა და მომავალშიც გავითვალისწინებ ამ რჩევებს. ნათია, სალომე, ზაკი და დუტა არაჩვეულებრივები არიან. დუტა სტიმულის მომცემი ჟიურის წევრია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here