მაკა ჩიჩუა: “შემოქმედებითი მხარე ჩემია, პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ მქონია არასდროს”

0
6407

წლევანდელი „ნიჭიერის“ ჟიურიში პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქვეყნის ყველაზე ნიჭიერ ადამიანს, მაკა ჩიჩუა ნიკა გვარამიასთან, რუსკა მაყაშვილთან და ზალიკო უდუმაშვილთან ერთად არჩევს. როგორც თავად ამბობს, პროექტში მონაწილეობა მისთვის საინტერესოა, სადაც არაერთი ნიჭიერი აღმოაჩინა.

-ამ პროქტში ერთმანეთზე საინტერესო ტიპაჟები მოდიან, ისინი სხვადასხვა სფეროდან გთავაზობენ ნომრებს და ამიტომ ვთვლი, რომ პროექტში მონაწილეობა საინტერესოა. მიუხედავად იმისა, რომ მხატვარი ვარ, არ ვიცოდი თუ შეიძლებოდა წყალზე ხატვა. თვითნასწავლი ადამიანები, დიდ ეფექტს ახდენენ დიდ სცენაზე. იყვნენ აკრობატები, რომლის შესაძლებლობებიც განუსაზღვრელია.

– დღევანდელ კასტინგზე ვინ მოახერხა თქვენზე განსაკუთრებული შთაბეჭდილების მოხდენა?

– დღეს გული ამიჩუყა ქალბატონმა, რომელმაც არია მიუძღვნა თავის შვილს. მის შვილს რთული დაავადება აქვს, დედა მაქსიმალურად ცდილობდა მოეძებნა გზა, რითაც შეუმსუბუქებდა ბავშვს მდგომარეობას. პირველ რიგში გაიგო, რომ კლასიკური მუსიკა კურნავს, შემდეგ თავის თავში აღმოაჩინა სიმღერის ნიჭი, იპოვა ძალა და ურთულესი არია შეასრულა. სწორედ საკუთარმა შვილმა შთაბერა ეს ძალა და ნიჭი.

– ცნობილია, რომ მხატვარი ხართ, ხატვის გარდა კიდევ რომელ სფეროში ხართ კომპეტენტური, როგორც ჟიურის წევრი?

– მუსიკაში და კინოში. მე კლიპიც მაქვს ელექტრო მუსიკაზე, ადრე ვმღეროდი ტელევიზიის გოგონათა დიდ გუნდში, კინოში მაქვს გამოცდილება. შემოქმედებითი მხარე ჩემია, პოლიტიკასთან არანაირი შეხება არ მქონია არასდროს.

– ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას?

– არც მიფიქრია რომ ამას უარყოფითად მიიღებდნენ, მაგრამ მქონდა ეჭვი, ჩემი სტატუსიდან გამომდინარე ეთქვათ, მოვრიდებოდი ადამიანების კრიტიკას, მაგრამ ეს მთელ მსოფლიოში ასე ხდება. ყველგან არის ძალიან კრიტიკული და ზოგჯერ უარგუმენტოდ კრიტიკული ხალხი. „ნიჭიერი“, არის საუკეთესო საშუალება, რა გამოცდილებაც გაქვს დაგროვილი, ის აღმოაჩინო შენს თანამემამულეებში და სტიმული მისცე.

– თქვენ რომ იყოთ „ნიჭიერის“ კონკურსანტი რა ნომრით წარსდგებოდით ჟიურის წინაშე?

– ალბათ სიმღერით, ბგერა ყველა ადამიანისთვის ემოციურად აღსაქმელია. ნახატს შეიძლება ჩაუარო, მაგრამ ბგერა ყველას ესმის.

იხილეთ ფოტოგალერეა:

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here