მაიკო კაჭკაჭიშვილი: „რამხელა ბედნიერება ყოფილა, რომ ნელ-ნელა საკუთარი თავი გიყვარდება…“

0
4375

მაიკო კაჭკაჭიშვილს კლუბში  „10/11“ შევხვდით. კომპოზიტორმა გარკვეული პერიოდის წინ კუჭის დაპატარავების ოპერაცია გაიკეთა, შემდეგ კი ექიმების მიერ მიცემული ყველა ინსტრუქცია ზედმიწევნით გაითვალისწინა და არაჩვეულებრივი შედეგიც მიიღო, დღეს 64 კილო აქვს დაკლებული და შესანიშნავად გამოიყურება. მაიკოს ვკითხეთ, როგორ ეგუება ახალ ცხოვრებას…

მაიკო, ცხოვრების რა ეტაპზე ხარ ახლა, ცვლილების შემდეგ?

ახლა არის ქაოსი. მართლა ბევრი ცვლილება მოხდა. ტვინს ასე მარტივად კალაპოტში ჩადგომა არ შეუძლია, უჭირს. გავდივარ არცთუ მარტივ პერიოდს, მაგრამ ნელ-ნელა მივდივარ იქითკენ, რომ აღვიქვა, შევეგუო და შევეჩვიო.

აკვირდები ადამიანების რეაქციებს?

ეს არის ამ ყველაფრის ყველაზე დიდი კომფორტი. ადამიანებს წარმოუდგენელი რეაქციები აქვთ. ყველა გაოგნებული მიყურებს. რამდენიმე ძალიან ახლობელმა ადამიანმა ვერ მიცნო (იღიმის), მეგობრებზე არ ვლაპარაკობ. სხვათა შორის, გუშინწინ ფალიაშვილზე მოვდიოდი, ფიქრებში გართული, ამ დროს მესმის, მაიკო, მაიკო… ირინა ონაშვილი და ლალი ტოტიკაშვილი გამოვიდნენ, წივილით და კივილით. ძალიან მესიამოვნა ამ ორი ულამაზესი გოგოს კომპლიმენტი. რასაკვირველია, კომპლიმენტი ყველასგან მსიამოვნებს, მაგრამ ვიზუალურად თავად ძალიან კარგები არიან და მათგან კიდევ უფრო მეტად მესიამოვნა.

სოციალურ ქსელში ხშირად დებ ფოტოებს, როგორი იყავი და ახლა როგორი ხარ. ბევრი ადამიანისთვის მაგალითიც გახდი. რას ურჩევ ხოლმე მათ?

უამრავი ადამიანი მწერს პირადში. ძალიან ბევრი წავიდა და გაიკეთა ჩემნაირი ოპერაცია, ახლა რეაბილიტაციას გადიან და ყოველდღე მწერენ, რა გააკეთეს, ყველაფრის საქმის კურსში მაყენებენ. ძალიან მიხარია. ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა, რომ უამრავი ადამიანი ჩემგან წამოსული სტიმულით  ფორმაში დგება და ახალ ცხოვრებას იწყებს, კიდევ არ იციან, რა ელოდებათ წინ. რამხელა ბედნიერება ყოფილა ის, რომ საკუთარი თავი ნელ-ნელა გიყვარდება.

შინაგანად შეიცვალე? რა განსხვავებაა ძველ და ახალ მაიკოს შორის?

პირდაპირ გეტყვით, რომ განსხვავება არის თავისუფლებაში. ის ზედმეტი 64 კილო მაკარგვინებდა თავისუფლებას. ვარ მაქსიმალისტი, ყურითაც და თვალითაც. ჩემი თავი ვიზუალურად არ მომწონდა, გასაგებია, რომ მხოლოდ ვიზუალი არაფერს ნიშნავს, მაგრამ ზოგადად, მაინც მნიშვნელოვანია. ყველას, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, ვურჩებდი, რომ გახდნენ თავისუფლები.

(ვრცლად/ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here