კარიერის ახალი ეტაპი სტეფანემ SPACEHALL-ში გამართული კონცერტით დაიწყო (ფოტოები)

0
2550

მუსიკოსმა, მომღერალმა და პროდიუსერმა სტეფანე მღებრიშვილმა 22 აპრილს კონცერტი “spacehall-ის” სივრცეში გამართა.  ქართული სცენის ერთ-ერთმა გამორჩეულმა არტისტმა, რომლის შემოქმედებასაც მსმენელი უკვე 20 წელია იცნობს, საღამოზე შეკრებილ მაყურებელს მისი ძველი და ახალი ჰიტების ცოცხალი შესრულება შესთავაზა. სცენა სტეფანესთან ერთად, მაია დარსმელიძემ, ერეკლე დეისაძემ და ქეთათო ჩარკვიანმა დაიკავეს.  საღამოს დაწყებამდე სტეფანემ ემოციები გაგვიზიარა; “არ ვიცი რა გითხრათ, ამდენ ხალხს, რომ ვუყურებ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ვეცდები ეს კონცერტი თითოეული ჩვენგანისთვის დაუვიწყარი იყოს”- განაცხადა მუსიკოსმა.

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, დღეს ამ სცენაზე დგომა, სტეფანესთან ერთად, რადგან ის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსია საქართველოში, რომელიც გემოვნებიან, ხარისხიან პროდუქტს სთავაზობს მსმენელს. აქ შეკრებილი ხალხის რაოდენობაც, სწორედ ამაზე მეტყველებს” – აღნიშნა ერეკლე დეისაძემ საღამოს დაწყებამდე.  მაია დარსმელიძის თქმით, კი ამ კონცერტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სტეფანე გემოვნებიანი მუსიკოსია. “მე მოველოდი ამდენი ადამიანის ნახვას. ვიცოდი, სტეფანე როგორი მოთხოვნადი მომღერალია, წარმატებები უნდა ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც არაერთი მაგარი საღამო გველოდება მისგან” – განაცხადა მაია დარსმელიძემ.

სტეფანე მოღვაწეობას 1997 წლიდან იწყებს და თანამედროვე ქართულ პოპ კულტურაში, აქტიურად  შემოაქვს ელექტრონული, პოპ და ფანკ ჟღერადობა. ამ პერიოდიდან დღემდე აქტუალურია მისი სიმღერები “არ მოხვალ ჩემთან”, “მოდუნდი” და “წამოდი”. კომპოზიციები, რომლებიც მაშინ ადგილობრივი სცენისთვის სრულიად ახალი და რადიკალურად განსხვავებული  ჟღერადობის მქონე იყო, მომღერალმა “Spacehall-ში” გამართულ საღამოზე შეასრულა. მონატრებული ჰიტები საღამოზე  შეკრებილმა საზოგადოებამ  სტეფანესთან ერთად იმღერა.

კონცერტზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, მათ შორის არაერთმა ცნობილმა სახემ. “ დაუვიწყარი კონცერტია, მინდა ეს წარმატება მივულოცო სტეფანეს, ის ძალიან ნიჭიერი ადამიანია და ეს საღამო ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ამტკიცებს”- განაცხადა სოფო ნიჟარაძემ. “ ძალიან მიყვარს სტეფანეს შემოქმედება. არაჩვეულებრივი საღამოა, ის უაღრესად ნიჭიერი ადამიანია და დარწმუნებული ვარ, მისგან კიდევ არაერთ დიდ კონცერტს უნდა ველოდოთ” – ემოციებს ვერ მალავდა ბახვა ბრეგვაძე.

მომღერალმა სცენიდან არაერთხელ გადაუხადა მადლობა მისი შემოქმედების მოყვარულებს. “არ ვიცი, თავი სიზმარში მგონია, იცოდეთ, რომ ეს საღამო თქვენი დამსახურებაა და რომ არა თქვენ, ეს დღე არ დადგებოდა. ალბათ, მთელ საღამოს მადლობების გადახდაში გავატარებ, რადგან  ძალიან ბედნიერი ვარ” – განაცხადა მუსიკოსმა.

2000-იან წლებში გამოსული სიმღერა “ხელები” რომელსაც სტეფანე მაია დარსმელიძესთან ერთად დუეტში ასრულებს, დღემდე მუსიკოსის ყველაზე მოთხოვნადი და ცნობილი ჰიტია. შესაბამისად, ამ კომპოზიციის შესრულებისას,  მსმენელს ოვაციები არ დაუშურებია.

შეგახსენებთ, რომ სტეფანე პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, რომელიც MTV Europe-ის ჩარტებში მოხვდა და 2010 წელს მონაწილეობა მიიღო პროექტში MTV Live Georgia.

ძველ ჰიტებთან ერთად სტეფანემ, 2017 წლის ჰიტებიც შეასრულა, რომელსაც მსმენელი სულმოუთქმელად ელოდა. მათ შორის იყო, ქავერ ვერსია “ ჩემი აღარა ხარ მორჩა” და ბოლო დროის ყველაზე განხილვადი სიმღერა “დამიბრუნდი”.  მსმენელის აქტიურობისა და ენერგიულობის გამო მომღერალმა კიდევ არაერთხელ გადაუხადა მათ მადლობა.

“სტეფანე რომ შეუდარებელია, მგონი ამ კონცერტმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. მე ძალიან დიდი ხანია მის შემოქმედებას ვიცნობ და მგონი არ ჩამეთვლება სუბიექტურად თუ ვიტყვი, რომ ის ძალიან მაღალი დონის მუსიკოსია”- გვითხრა რუსკა მაყაშვილმა. საღამოზე ასევე გავესაუბრეთ ნეკა სებისკვერაძეს: “არ ვიცი, როგორ გადმოვცე ჩემი სიმპათიები სტეფანეს მიმართ, შეუდარებელი, უნიჭიერესი და რაც მთავარია, შრომისმოყვარე ადამიანია. ეს კონცერტიც ამ ყველაფერზე კარგად მეტყველებს”

კონცერტი რამდენიმე საათს გაგრძელდა და მუსიკოსს ძალიან გაუჭირდა მსმენელთან დამშვიდობება, თუმცა მომღერლის თაყვანისმცებლებმაც და თავად სტეფანემაც, საღამო იმ იმედით დაასრულეს, რომ მსგავსი კონცერტები წინ კიდევ ბევრი იქნება. მომღერლის ასეთი წარმატება, იმის დამსახურებაცაა, რომ მისი 20 წლიანი შემოქმედება ელექტრონული მუსიკის, პოპის, ბლუზის, დისკოსა და ფანქის ორიგინალური ნაზავია, რომელსაც თან სტეფანეს ინდივიდუალური, განსხვავებული და ორიგინალური იმიჯი ერთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here