ჯაბა ბოჯგუას დასახმარებლად გამართულ კონცერტზე მხოლოდ 34 ადამიანი მივიდა

0
4077

კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის ინიციატივით, „ოტიუმში“ მომღერალ ჯაბა ბოჯგუას დასახმარებელი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებაში უამრავი მომღერლის მონაწილეობა დაანონსდა. მომღერლები, რასაკვირველია, ადგილზე მივიდნენ და კონცერტიც გამართეს, მაგრამ სამწუხაროდ, საზოგადოებამ არ გამოთქვა ჯაბას დახმარების სურვილი და კონცერტზე, რომელზეც მისი ოჯახისთვის გადასაცემი თანხის შეგროვების იმედი ჰქონდათ, მხოლოდ 34 სტუმარი მივიდა. ბილეთის ფასი 30 ლარი გახლდათ. მანამდე სოცქსელში სხვადასხვა მოწოდებას წაიკითხავდით ამა თუ იმ მონაწილისგან, რომლებიც სთხოვდნენ ხალხს, აუცილებლად მისულიყვნენ კონცერტზე… ერთ-ერთი მათგანი ნინი ბადურაშვილი იყო, რომელმაც დაწერა:

„მეგობრებო, ადამიანებო! ვინც გვწერთ, თუ აქამდე სად ვიყავით, მოგმართავთ თქვენ! ჩვენ აქ ვართ და დღეს ვაკეთებთ კონცერტს ჯაბას დასახმარებლად და თქვენ სად ხართ?! გუშინდელი მონაცემებით, ძალიან ცოტა ჯავშანი იყო და თუ მართლა შეგტკივათ გული ამ ადამიანზე, მოდით დღეს აქ ჩვენს გაკრიტიკებას! იქნებ, პატარა წვლილი მაინც შევიტანოთ მის გამოჯანმრთელებაში! #ძალაერთობაშია“.

როგორც ჩანს, ამ მოწოდებებმა შედეგი არ გამოიღო. კონცერტის შემდეგ ღონისძიების ინიციატორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა აღნიშნა:

„ადამიანი, რომელიც 9 წელიწადია ჭერს უყურებს, უკიდურესად უჭირს დედას და ბებიას, ფაქტობრივად, ჯოჯოხეთში ცხოვრობენ… უმორჩილესად გთხოვდით მეც და ჩემი კოლეგებიც დახმარებას 30 ლარით, მაგრამ ნუ 34 ადამიანი მოვიდა კონცერტზე… საქველმოქმედო რომ არ დაგვეწერა და უბრალოდ, გულაობა დაგვერქვა, გაივსებოდა დარბაზი… მოკლედ, ეს ხალხი ვართ ჩვენ და ვაი ჩვენს პატრონს!!!

იმედია, 34 ლაიქზე მეტი არ ექნება ამ პოსტს… რა ვიცი მაინც ტეხავს“

შეგახსენებთ, რომ 9 წელიწადზე მეტია, მომღერალი ჯაბა ბოჯგუა ლოგინად არის ჩავარდნილი, მისი მკურნალობისთვის დედამ და ბებიამ ყველანაირი ფინანსური რესურსი ამოწურეს და მათ დახმარება სჭირდებათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here