Tbilisi Info

Tbilisi Info
გადაცემა მოიცავს თბილისში არსებულ ყველა აქტუალურ თემას. ვაშუქებთ საზოგადოებისთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებს. სიუჟეტებში განვიხილავთ სოციალურ-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებს… ერთი კონკრეტული საკითხის წარმოჩენა ხდება ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრების გათვალისწინებით. გადაცემაში დასმული ყველა აქტუალური საკითხის ირგვლივ მოისმენთ როგორც თბილისის საზოგადოების აზრს, ასევე კომპეტენტური ადამიანებისა და ექსპერტების შეფასებებს…

საქართველოს მთავრობამ არსებული შემადგენლობით ბოლო სხდომა გამართა. სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის იყო დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება. როგორც ცნობილია, აღნიშნული აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე კი, პრემიერის თქმით, დიპლომატიურ საქმიანობას დაუბრუნდება.

ვაზიანში, "ნატო-საქართველოს სწავლება 2016" ოფიციალურად გაიხსნა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ნატო-საქართველოს ერთობლივ სიმულაციურ სწავლებას პირველად მასპინძლობს.

„უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა“- სწორედ ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც, ვიდეოკონტროლის ახალი სისტემა დაინერგება. პროექტის ინიციატორი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილია.

საქართველოში დიაბეტის მსოფლიო დღე აღინიშნა. „დიაბეტის სკრინინგი ადრეული დიაგნოსტირების მიზნით“ - ეს 2016 წლის გზავნილია. მსოფლიო დღის აღნიშვნა, დიაბეტთან დაკავშირებული პრობლემების წარმოჩენას ემსახურება და პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სხვადასხვა უწყებას, ძალისხმევის გაერთიანებისკენ მიუთითებს.

10 თვის ჩვილის ცემის ფაქტზე, შსს-მ ძიძა დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში, თვენახევრის განმავლობაში ძიძად მუშაობდა, 10 თვის ჩვილი გოგონა ცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირა.

2018 წლიდან ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო იქნება. როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საკონსულტაციო კომპანიასთან შეთანხმების შედეგად. ასევე, შემოწმების პერიოდულობა, მანქანის ასაკისა და ტიპის მიხედვით დადგინდება.

„სითი პარკთან“ ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით, დედაქალაქის მთავრობას, საკრებულოს დეპუტატების ნაწილმა მიმართა. დეპუტატებმა კომპანიის მიერ თბილისის ბიუჯეტში 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 18 ოქტომბრამდე ჩარიცხული თანხის რაოდენობაზე, დედაქალაქის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია წარმოადგინეს.

ერაყელმა სამხედროებმა მოსულთან სამარხი აღმოაჩინეს. უცხოური მედიის ცნობით, დასახლება ჰამამ ალ-ალილში 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ყველა მათგანი ე.წ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა სიკვდილით დასაჯეს.

გერმანიაში ISIS-თან კავშირში ეჭვმიტანილი ხუთი მამაკაცი დააკავეს. გერმანული მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული 32 წლის, წარმოშობით ერაყელი, გერმანიაში მცხოვრები ისლამისტებს ლიდერია.