ECHOWAVES-ზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იმოქმედებს

0
1271

ECHOWAVES ახალი მუსიკალური ფესტივალია, რომელიც 2014 წლის ევროპის საუკეთესო ფესტივალის ტიტულის მფლობელის, EXIT-ის მხარდაჭერით ტარდება. ანაკლიის სანაპიროზე, ჟანრობრივად განსხვავებულ 5 სცენაზე (Main Stage, KHIDI Stage, EYE Stage, TAIYO Stage, Aqua Stage) 150-მდე არტისტი წარდგება. ფესტივალი 23-26 აგვისტოს იმართება.

ღონისძიებისთვის უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია გატარებული. ამ პროცესში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაცია SAFEWAVES. ის საქართველოში შეიქმნა. ორგანიზაციის მთავარი მიზანი ნებისმიერი ფესტივალის ვიზიტორების ჯანსაღი გარემოს შექმნა, მათ ჯანმრთელობასა და კომფორტზე ზრუნვა, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა.

SAFEWAVEსS თითოეულ ვიზიტორს მიაწვდის ინფორმაციას – როგორ გავხადოთ ფესტივალი უკეთესი, როგორ ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, სხვებსა და გარემოზე.

SAFEWAVES-ის კამპანიის ფარგლებში სწორედ DrogArt ჩაერთვება წელს ანაკლიაში Echowaves ფესტივალზე და ხელს შეუწყობს სტუმრებისთვის უსაფრთხო გართობას და სტუმართა ინფორმირებულობას.

SAFEWAVES 23-იდან 26 აგვისტოს ჩათვლით Echowaves-ის ფარგლებში ჯანსაღი საფესტივალო კულტურის პოპულარიზაციას შეეცდება.

ორგანიზაცია 4 მიმართულებით მუშაობს:

  1. ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ზიანის შემცირების კამპანია – კამპანიის ფარგლებში დაიბეჭდება საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც თითოეულ სტუმარს მოუწოდებს, ფესტივალის მსვლელობის დროს განსაკუთრებულად გაუფრთხილდეს საკუთარ, მეგობარის, თუ უცხო ადამიანის ჯანმრთელობას, საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიოს. საფესტივალო ტერიტორიაზე იმუშავებს არასამთავრობო ორგანიზაცია „მანდალა“, რომელსაც უკვე არაერთ ფესტივალთან თანამშრომლობის გამოცდილება დაუგროვდა. „მანდალას“ საკუთარი სივრცე ექნება გამოყოფილი, რომელიც ნებისმიერ მსურველს ფსიქოლოგის, მედიკოსის, თუ დატრენინგებული მოხალისეების დახმარებას შესთავაზებს;
  2. ფესტივალზე მოქცევის წესები – იმისთვის, რომ საფესტივალო გამოცდილება პოზიტიური იყოს, ჩვენი გართობით არ დავაზიანოთ საკუთარი, თუ სხვისი ჯანმრთელობა, აუცილებელია, გარკვეულ წესებს მივდიოთ. SAFEWAVES-ის ოფიციალური FACEBOOK გვერდზე და ფესტივალის ტერიტორიაზე გავრცელდება ბუკლეტები და სტიკერები რჩევებით – „არ დაგავიწყდეთ წყლის მიღება“, „არ ჩაგეძინოთ სანაპიროზე“, „არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავის გამოყენება“ და სხვა.
  3. ზოგადი გაიდლაინი საფესტივალო კულტურაზე – ამ შემთხვევაში, SAFEWAVE აქცენტს ფესტივალის ტერიტორიაზე შეკრებილ ადამიანებთან ურთიერთობის ჯანსაღ ფორმაზე აკეთებს – მთავარი ფოკუსი ამ მხრივ თითოეული ფართი-გოუერის პატივისცემაა მათი სქესის, რასის, რელიგიის და მრავალი სხვა ფაქტორის მიუხედავად. ძალადობის საწინააღმდეგო კამპანია („არა ნიშნავს არას“) იმ პირობების შეხსენებაა, რომელთა გარეშეც ფესტივალი ვერ შედგება.
  4. გარემოს დაცვა – იმის მიუხედავად, რომ საფესტივალო ტერიტორიაზე არაერთი სანაგვე ურნა დგას, შეუძლებელია, თუნდაც, რამდენიმე დღის განმავლობაში ლოკაციის დაბინძურებას გადავურჩეთ. გარემოზე ზრუნვის სტიმულირებისთვის ფესტივალის სტუმრების ჩართვა SAFEWAVES-ის მორიგი კამპანიაა. საფესტივალო ტერიტორიაზე გარკვეული ტიპის ნარჩენების (ლითონის ქილების, პლასტიკატის ბოთლების) შეგროვების შემთხვევაში სტუმრები გეიმ ზონის ქოინებს მიიღებენ საჩუქრად. ფესტივალის ტერიტორიაზე იარსებებს სივრცე, რომელიც ეგრედ წოდებულ რისაიქლ არტ ლოკაციად გადაიქცევა – ნებისმიერ მსურველს შეეძლება გამოყენებული ლითონის ქილისგან სამკაული, თუ რაიმე სხვა ნივთი შექმნას. მსგავსი კამპანია ფესტივალის თითოეულ სტუმარს გარემოზე ზრუნვის საქმის ნაწილად აქცევს, რაც შედეგს არამხოლოდ ფესტივალებზე მოიტანს. ფესტივალის ტერიტორიაზე „ქუჩის თეატრის“ მსვლელობას ყოველდღიური სახე ექნება. ის სტარტს ხიდზე აიღებს და ტერიტორიის მთელ სანაპირო ზოლს მოიცავს. მსვლელობაში ჩართულები იქნებიან ფესტივალზე მომუშავე მოხალისეები.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალზე უამრავი ადამიანი შეიკრიბება, მათ უსაფრთხო გარემოში ყოფნაზე კი პასუხისმგებლობას თავად იღებენ.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here