დათო ზურაბიშვილი: „ზვიად რატიანის საქმეზე პოლიციელებმა პირველი ჩვენება შეცვალეს…“

0
1220

დათო ზურაბიშვილი პოეტ ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა. მისი დასრულების შემდეგ მან სოციალურ ქსელში ვრცელი მოსაზრება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ პოლიციამ პირველი ჩვენება პრაქტიკულად შეცვალა.

დათო ზურაბიშვილის მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:

„ზვიად რატიანის საამართლო პროცესზე გახლდით. განაჩენი გამოცხადდება 29 დეკემბერს. განსაკუთრებით საინტერესო რაც მომეჩვენა, ისაა, რომ პოლიციამ პრაქტიკულად შეცვალა პირველი ჩვენება, რომლის მიხედვითაც ისინი ახორციელებდნენ საპოლიციო კონტროლს (ანუ რეიდს), გააჩერეს მოქალაქე რატიანი, რომელსაც მოთხოვეს საბუთები, რაზედაც პასუხად მიიღეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამიტომ იძლებული გახდნენ განყოფილებაში გადაეყვანთ.ეს ვერსიაა ასახული მათ მიერ დაწერილ ახსნა-განმარტებაშიც.

სასამართლოში კი მოწმე პოლიციელებმა ვითარება დახატეს შემდეგნაირად: ისინი საპოლიციო კონტროლს (ანუ რეიდს) კი არ ახორციელებდნენ, არამედ უბრალოდ მისეირნობდნენ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე თამარ მეფის გამზირისკენ (ამ დროს მანქანა რატომღაც გერმანიის საელჩოსთან ჰქონდათ დატოვებული) და შემოესმათ ხმამაღალი გინება, მივიდნენ ახლოს და ხედავენ, რომ მოდის მთვრალი რატიანი და ხმამაღლა იგინება (პირდაპირ “ვეფხისტყაოსანი” გაგახსენდება კაცს: “ზახილი მესმა, შევხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა.”). შეწუხდნენ პოლიციელები და თავაზიანად ჰკითხეს, რა გნებავთ, ვინ ბრძანდებითო. იმან კიდევ, თქვენ ვინ ჩემი ისა ხართ, როგორ ვერ მცნობთ ამხელა კაცს, არ იცით ვინ უნდა გააჩეროთ თქვენი დედა და ასე და ისეო. პოლიციელებმა კვლავ თავაზიანად, მოქალაქევ იქნებ თქვენი პირადობის დამადასტურებელი საბუთი წარმოგვიდგინოთო, რაზედაც მთვრალი პოეტი სულ გადაირია, გინებით ხომ აგინა მათაც, პიპინიასაც, ჯერ ერთ პოლიციელს ჩააფარა სახეში, მერე მეორეს და ესენიც იძულებული გახდნენ ნაზად და ლამაზად დაეკავებინათ, მოკრძალებით დაედოთ ხელბორკილი და გამოძახებული მანქანით გადაეყვანათ განყოფილებაში, თუმცა ბორკილდადებული რატიანი არ წყვეტდა წინააღმდეგობას და ერთ პოლიციელს უკბინა კიდეც. მთელი ამ ხნის განმავლობაში კი ერთ-ერთი პოლიციელი ეპიზოდურად იღებდა მთელ ამ ამბავს მობილურით.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მეორე ვერსია არის საცობში მოყოლილი თაკო გვაზავას ცნობილი ფბ პოსტის ოდნავ უტრირებული გადამღერება (თავად ეს პოსტიც საქმეში ფიგურირებს, როგორც პოსტი). მართალია, პოლიციელები ჩვენების ამბავშიც ვერ ჩამოყალიბდნენ იმაზე, იყო თუ არა იმ დროს საცობი, მაგრამ ეგ წვრილმანია.

 

მე პირადად ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ შსს-ში საერთოდ გვაზავას პოსტზე გადააწყვეს თავდაპირველი ჩვენებები.

აი, ეგეთი ამბებია. ვინც ახლა ამას დაიჯერებს (თავად ზვიადის ჩვენებით, ეს პოლიციელები მოგვიანებით მოვიდნენ და მანამდე უფორმო ოპერებმა მიაყენეს შეურაცხყოფა), ალბათ, პირდაპირ კახა თარგამაძის სახელობის პრემიაზე უნდა იქნეს წარდგენილი, ან, ჰა ჰა, ოქროს ფრთაზე“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here