ბექა გოჩიაშვილი და ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით „უღრან ტყეში“ გელით

0
1478

13 სექტემბერს, ახალ ამფითეატრში სახელწოდებით „უღრან ტყეში“ გაიმართება ბექა გოჩიაშვილისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის კონცერტი, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით. ბილეთები უკვე დაიდო საიტზე tkt.ge. კონცერტი საღამოს შვიდზე იწყება, თუმცა კარი გაიხსნება 16:00 საათზე. ღონისძიების შემდეგ წვეულებაა დაგეგმილი. ბილეთების ფასი 20-80 ლარია.

ნიკოლოზ რაჭველი ნანატრ კოლაბორაციასთან დაკავშირბეით ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

„13 სექტემბერს, ზემო წყნეთში ჩვენი მეგობარი ზურა ლეჟავა თავის “უღრან ტყეში” ძალიან მაგარ ამფითეატრს ხსნის, საოცარი ატმოსფეროა და ბუნების თვითმყოფადი სილამაზე! ჰოდა, მან მე და ბექას შემოგვთავაზა, ერთობლივი საღამო ჩავატაროთ და ასე ვუმასპინძლოთ ჩვენს ძვირფას მსმენელებს. ჩვენ წლებია ყოველი შეხვედრისას თბილისსა თუ ნიუ იორკში ერთობლივ კონცერტს ვგეგმავთ, ორივეს დიდი სურვილი იყო ყოველთვის და ვიდრე ამას დიდ მასშტაბებში განვახორციელებთ, პირველ ექსპერიმენტს სწორედ 13 სექტემბერს შევთავაზებთ მათ, ვინც მოიცლის და “უღრან ტყეში” გვეწვევა. ბექა თავის ტრიოს მუსიკოსებთან ლევანთან და ზაზასთან, მე კი ჩვენი ეროვნული ორკესტრის მუსიკოსებთან ერთად გიმასპინძლებთ ამფითეატრის ღია ცის ქვეშ. ცხადია საღამოს მთავარი გმირი ღმერთისგან უდიდესი მონაცემებით დაჯილდოვებული ჩემი უმცროსი კოლეგა იქნება, მე კი შევეცდები, მის მუსიკას ორკესტრის ფერები დავუმატო და ამით ოდნავ განსხვავებული და საინტერესო გახდეს ჟღერადობა, თუმცა როიალთან იჯდება ადამიანი, ვისი თითოეული ბგერა, ჰარმონია და მუსიკალური აზროვნება ჩემთვის მაშინაც სრულყოფილება იყო, 10 წლის ასაკში რომ ქმნიდა და ახლაც, 21 წლის ასაკში რომ ქმნის! ჩვენ ორივემ ვიცით, რა რთულია ვუნდერკინდის ხვედრი, ქვეცნობიერად თითქოს ესეც უსიტყვოდ გვაკავშირებს და ამიტომ მაქვს უფლება, ზუსტად ვგრძნობდე, რომ ბექა კიდევ უფრო დიდ მწვერვალებს დაიპყრობს და მისი მუსიკა უდიდესი სტრიქონებით შევა მსოფლიო ჯაზური მუსიკის ისტორიაში! საერთაშორისო არენაზე დღესაც უკვე ძალიან წარმატებულია და მიხარია, რომ თავის ქვეყანას არ ივიწყებს, ყოველთვის უკრავს ჩვენთვის და უშურველად გასცემს არანორმალურ ნიჭსა და ენერგიას. ძალიან გახარებული ვარ, რომ 13 სექტემბერს ასეთ ძვირფას ადამიანთან ერთად ვიქნები თქვენი მეგზური მისი მუსიკის სამყაროში. ასე რომ გელით. ადგილები საკმაოდ შეზღუდულია და უნდა იჩქაროთ“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here