13-20 სექტემბერს თბილისის ფოტოფესტივალი გაიმართება

0
1429

13-20 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, TBILISI PHOTO FESTIVAL 2017-ის გახსნის კვირეული გაიმართება.

რიგით მერვე ფოტოფესტივალის პროგრამაში 50-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევარი იქნება ნაჩვენები. ტრადიციისამებრ, ფესტივალის გახსნის კვირეულის განმავლობაში, თბილისი კავკასიის რეგიონის „ფოტოგრაფიის დედაქალაქის“ სტატუსს მოირგებს.

2017 წლის ფოტოფესტივალი მოდის ფოტოგრაფიის თემაზე იქნება აგებული. ფესტივალის პროგრამის ორი ცენტრალური ღონისძიება  2017 წელს XX და XXI საუკუნეების მოდის ფოტოგრაფიის მეგავარსკვლავების  ნამუშევრების ჩვენებას მოიცავს – ფოტოფესტივალის ფარგლებში კავკასიაში პირველად იქნება ნაჩვენები  ფრანგი ფოტოგრაფის გი ბურდენის და ჰოლანდიელი არტსიტის ვივიან  სასენის ნამუშევრები.

გი ბურდენი – მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოგრაფი; მან არა მხოლოდ მოდის, არამედ ზოგადად, 20-ე საუკუნის მეორე ნახევრის ფოტოგრაფიის განვითარებაზე მოახდინა გარდამტეხი გავლენა და ფოტოგრაფთა მომდევნო თაობების დიდ ინსპირაციად იქცა.

ვივიან სასენი – თანამედროვე მოდის ფოტოგრაფიის  ყველაზე აღიარებული და მნიშვნელოვანი ავტორი; მისი შემოქმედება მოდის ფოტოგრაფიაში ახალი ესთეტიკური სტანდარტის  დანერგვის ბრწყინვალე მაგალითია. მას ერთ-ერთ ყველაზე თამამ და ინტელექტუალურ ავტორად ასახელებენ.

ფოტოფესტივალის გახსნის კვირეულის პროგრამა:

 

13 სექტემბერს, 20:00 საათზე, თბილისის ფოტო ფესტივალი არაორდინალური ღონისძიებით გაიხსნება – თბილისის ისტორიულ უბანში, ღია ცის ქვეშ, ცოცხალი მუსიკის თანხლებით ლეგენდარული ფრანგი ფოტოგრაფის გი ბურდენის ფოტოების გამოფენა მოეწყობა. თანამედროვე ქართველი მუსიკოსი ნიკა მაჩაიძე,  გამოფენის მსვლელობისას, სპეციალურად ფოტო ფესტივალის  გახსნისთვის შექმნილ მუსიკას შეასრულებს. 

 

14 სექტემბერს, 19:00 საათზე,  გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში ვივიან სასენის ცნობილი ფოტოების დიდი სერია სახელწოდებით In And Out Of Fashion   გამოფენის და ვიდეოინსტალაციის სახით  იქნება წარმოდგენილი.

 

15 სექტემბერს, 18:30 საათზე,  სასტუმრო Rooms-ის  საკონფერენციო დარბაზში გაიმართება ექსკლუზიური შეხვედრა ვივიან სასენთან, რომლის მოდერატორიცაა კორალი გოტიე, პარიზის ორი ყველაზე ცნობილი კლუბის –  Silencio და Salo შემქმნელი და პროგრამების დირექტორი.

 

15 სექტემბერს, 20:00 საათზე, კლუბი „ლოლიტა“ ფესტივალის ერთ-ერთ ცენტრალურ გამოფენას „იდენტობები“ უმასპინძლებს, რომელიც 12 გამოფენას აერთიანებს.

 

16 სექტემბერს, „ფაბრიკაში“ მოეწყობა ფესტივალის ყველაზე ხალხმრავალი და ორიგინალური ღონისძიება  „ფოტოგრაფიის ღამე“ღამის ფოტოჩვენებები ღია ცის ქვეშ.  350-ზე მეტი ფოტოგრაფის ნამუშევარს მსოფლიოს 20 ქვეყნის ფოტოფესტივალი, ფოტოსააგენტო, პერიოდული გამოცემა და ინსტიტუცია წარმოადგენს. მათ შორის არიან, ადგილობრივი და რეგიონული ფოტოგრაფები, ასევე, გამოსახულების ინდუსტრიის აღიარებული საერთაშორისო ლიდერები – იტალიური „ვოგი“, British Journal of Photography, lensculture  და მრავალი სხვა.

 

2017 წელს „ფოტოგრაფიის ღამის“ პროგრამა  ახალგაზრდა ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრების სიმრავლით არის გამორჩეული. მოდის ფოტოგრაფები, ისევე როგორც დოკუმენტური ფოტოგრაფები და მათ მიერ გადაღებული აგვისტოს ბორჯომის ტყის ხანძარიც ფოტოგრაფიის ღამის პროგრამაშია,  ისევე როგორც პრესტიჟული არლის ფოტოფესტივალის  სელექცია!

 

17 სექტემბერს, 20:30 საათზე, სასტუმრო Rooms-ის ეზოში, პრესტიჟული ფოტოსააგენტო „მაგნუმი“ ფოტო – 70 წლისთავს თბილისის ფოტო ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ღონისძიებით აღნიშნავს – გაიმართება სლაიდშოუ, სადაც ცოცხალი მუსიკის თანხლებით  სააგენტოს 70 ფოტოგრაფის 70 ფოტო იქნება ნაჩვენები. 

 

15 სექტემბერიდან 19 სექტემბრამდე, კლუბში „ლოლიტა“ ფოტოფესტივალის ფარგლებში, ფოტოწიგნის რიგით მეორე საერთაშორისო  ბაზრობა გაიმართება, რომელიც ფოტოფესტივალის პუბლიკას ექსკლუზიური ფოტოწიგნების სელექციას შესთავაზებს.

 

Tbilisi Photo Festival 2017-ის ძირითადი პარტნიორები არიან:

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია და ნიდერლანდების საელჩო საქართველოში.

პარტნიორთა შორის არიან: Rooms Hotels, „ლოლიტა“, „ფაბრიკა“ ფრანგული ინსტიტუტი, ინდოეთში საქართველოს საელჩო, სადაზღვევო კომპანია „არდი“

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here